თბილისის აბანოთუბანში მდებარე ისტორიული „ჭრელი აბანოს“ 2016 წლის რესტავრაციამ შენობას ბუნებრივი განათების ახალი წყაროები და შემინული გუმბათები შესძინა. კონსტრუქციები იდეალურად მოერგო სახურავის ისტორიულ გეომეტრიას, ხოლო მასალები სპეციალურად, შენობის შიგნით არსებული მაღალი ტემპერატურის, ტენიანობისა და გოგირდის აგრესიული გარემოს გათვალისწინებით შეირჩა.
არგომ ალუმინის პროფილები არსებული გუმბათოვანი სახურავების გეომეტრიის შესაბამისად მორკალა. გოგირდის აგრესიულ გარემოსთან მაქსიმალური მდგრადობისთვის, პროფილები ფხვნილოვან შეღებვამდე პრე-ანოდირების ტექნოლოგიით დამუშავდა. გუმბათის ზედა ნაწილში ინტეგრირებულმა სავენტილაციო სისტემამ ცხელი და ტენიანი ჰაერის ეფექტური გადინება უზრუნველყო. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ექსკლუზიური ფერადი და ვიტრაჟული შემინვა დერეფნის ორნამენტული ჭერისა და დეკორატიული ღიობებისთვის.